WSJ: რუსეთი სირიელი დაქირავებულების უკრაინაში საბრძოლველად გადაბირებას ცდილობს
რუსეთი უკრაინის ომში საბრძოლველად სირიელი დაქირავებულების გადაბირებას ცდილობს.
ინფორმაციას ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით Wall Street Journal-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, მოსკოვს იმ სირიელების გაწვევა სურს, რომლებსაც სირიის სამოქალაქო ომში ქალაქებში ბრძოლის გამოცდილება აქვთ.
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც რუსულ საოკუპაციო ძალებს დიდი უკრაინული ქალაქები - კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი - მთლიან ან ნაწილობრივ ალყაში ჰყავთ მოქცეული და ურბანულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი სარაკეტო და საჰაერო იერიშებს ახორციელებენ.
WSJ-ი აცხადებს, რომ რუსეთი სირიელ მოხალისეებს ორასიდან სამას დოლარამდე ანაზღაურებას სთავაზობს.
რუსეთის არმიის რეგულარული ნაწილების გარდა, უკრაინაში მოსკოვმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის შეიარაღებული რაზმი და რუსი დაქირავებულების დაჯგუფება ვაგნერი გააგზავნა.
პარალელურად, უკრაინის დასახმარებლად მოხალისეები მთელი მსოფლიოდან ირაზმებიან.
გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საერთაშორისო ლეგიონში გაწევრიანების სურვილი 16 000-ზე მეტმა მოხალისემ გამოთქვა.
რუსეთი დიქტატორ ბაშარ ასადის დასახმარებლად სირიის სამოქალაქო ომში 2015 წელს ჩაერთო.