ყაზახეთში ОДКБ-ს ძალების უფროსი, 2014 წელს ყირიმის სპეცოპერაციის მეთაური იყო

 

ყაზახეთში ОДКБ-ს სამხედრო მისიას რუსეთის სადესანტო ძალების მეთაური, ანდრეი სერდიუკოვი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, იგორ კონეშენკოვი ავრცელებს. 

კონოშენკოვის თქმით, ყაზახეთში რუსი სამხედროების და ასევე, სომეხი, ტაჯიკი, ბელარუსი და ყირგიზი მშვიდობისმყოფელების გადასაყვანად შექმნილია სპეციალური საჰაერო ჯგუფი. 

ამ ჯგუფში შედის 70-მდე სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 და ასევე, 5 რუსლანის ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ რუსი მედესანტეები უკვე შეუდგნენ მათ წინაშე დასახული მიზნების შესრულებას და ამ დროისთვის მათ კონტროლს ექვემდებარება ალმათის საერთაშორისო აეროპორტი. ყაზახეთის პრეზიდენტისა და რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ОДКБ-ს ძალები არ ჩაერთვებიან საპროტესტო აქციების დაშლაში, რადგან მათ ქვეყანაში შეზღუდული ვადა და მკაფიოდ განსაზღვრული მისია აქვს. 

რუსი მედესანტეების ყაზახეთში შესვლის პარალელურად განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ანდრეი სერდიუკოვი, რომელიც ОДКБ-ს კონტინგენტის მეთაურად დაინიშნა. სერდიუკოვს ზურგს მდიდარი სამხედრო გამოცდილება და არაერთი ხმაურიანი სპეცოპერაცია უმაგრებს, მათ შორის სწორედ სერდიუკოვი ხელმძღვანელობდა ყირიმის სპეცოპერაციას 2014 წელს. 

ვინ არის ანდრეი სერდიუკოვი?

 

 

გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი რუსეთის სადესანტო ძალებს 2016 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს. 

"სერდიუკოვი ბრწყინვალე ანალიტიკური გონების სამხედროა. იგი გამოცდილი და გამობრძმედილია 30 წლიანი საოფიცრო სამსახურით, ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში. სერდიუკოვი პროფესიონალური არმიის კონცეფციის და შეიარაღებული ძალების რეფორმირების თანმიმდევრული მომხრეა. მისი გამოცდილება და გადაწყვეტილებები სასარგებლო იყო ყირიმის მიმართულებით 2014 წლის გაზაფხულზე",- წერია სერდიუკოვის ბიოგრაფიაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე. 

სერდიუკოვმა პირველი საბრძოლო გამოცდილება ჩეჩნეთის პირველ ომში მიიღო. ამის შემდეგ მონაწილეობდა ბალკანეთის კონფლიქტში, სადაც ის მშვიდობისმყოფელის ფუნქციით კოსოვოში მსახურობდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ სერდიუკოვი მეთაურობდა რუსული არმიის სპეცოპერაციას პრიშტინას აეროპორტში, 1999 წლის ივნისში. მაშინ ნატოს სამხედროების შესვლამდე რუსეთის არმიის ხელმძღვანელობამ უპირატესობის მოსაპოვებლად საიდუმლო სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც რუსი მშვიდობისმყოფელი მედესანტეების ბატალიონმა პრიშტინას აეროპორტი დაიკავეს. 

სერდიუკოვმა პირველადი სამხედრო განათლება რიაზანის სამხედრო-საჰაერო სასწავლებელში მიიღო, რის შემდეგაც ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ სერდიუკოვმა თანმიმდევრულად გაიარა ყველა ეტაპი და თანამდებობა, რაც რუსულ არმიაში დიდ უპირატესობად მიიჩნევა. 

1993 წლიდან, სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, სერდიუკოვი რუსეთის სადესანტო ძალების პოლკის 76-ე დივიზიის მეთაური გახდა. 2009 წელს მან რუსეთის გეშტაბის სამხედრო აკადემია დაასრულა - ეს აკადემია რუსეთში სამხედრო განათლების უმაღლეს საფეხურად მიიჩნევა. 

2013 წლის ოქტომბერში სერდიუკოვი სამხრეთ სამხედრო ოლქის ხელმძღვანელად დაინიშნა. საინტერესოა, რომ სხვადასხვა წლებში ამავე თანამდებობაზე მსახურებდნენ რუსეთის გენშტაბის მოქმედი ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი და გენშტაბის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელი, სერგეი მაკაროვიც. 

ყირიმი 

რუსულ მედიაში გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით, სწორედ სერდიუკოვი ხელმძღვანელობდა ყირიმში რუსეთის სპეციალური ძალების ყველა სპეცოპერაციას.

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ტურჩინოვის თქმით, მოგვიანებით სწორედ სერდიუკოვი ხელმძღვანელობდა რუსული არმიის მოქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში. 

ანდრეი სერდიუკოვი დაჯილდოებულია მრავალი საპატიო ჯილდოთი და ორდენით, მათ შორისა "სამშობლოს სამსახურისთვის და გამოვლენილი სიმამაცისთვის უმაღლესი ხარისხის რუსეთის ეროვნული ჯილდო".

რუ 

მსგავსი სიახლეები