Z-ბლოგერები კურსკში უკრაინული არმიის ახალ დარტყმას პროგნოზირებენ

Z-ბლოგერები სუმის ოლქში უკრაინული დანაყოფების გაზრდილ კონცენტრაციაზე საუბრობენ და კურსკში ახალ დარტყმას პროგნოზირებენ. 

დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსების ცნობით, უკრაინის არმიის წინსვლა გასულ 24 საათში მნიშვნელოვნად შეამცირა რეგიონში გადასროლილმა რეზერვებმა, ხოლო უკრაინულმა დანაყოფებმა დაკავებულ პოზიციებზე გამაგრება დაიწყეს.  

საყურადღებოა, რომ კურსკში მიმდინარე იერიშის მეხუთე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კრებსში ფრონტის მიმდინარე მონაკვეთს კურსკის მიმართულებად მოიხსენიებს. 

Z-ბლოგერები მიიჩნევენ, რომ კურსკში გადასროლილ რეზერვებს ჯერჯერობით არსებითად არ შეუცვლიათ ძალთა ბალანსი და მხოლოდ შეანელა ЗСУ-ს წინსვლა. 

ომის პროპაგანდისტი, რომან ალიოხინი წერს "მოწინააღმდეგის არავითარი უკუგდება არ ყოფილა. ის აგრძელებს წნეხს, ხოლო ჩვენი ყველაზე ეფექტური დანაყოფები ცდილობენ მათი წინსვლის შეჩერებას." 

მსგავს შეხედულებას აჟღერებს კიდევ ერთი მსხვილი Z ტელეგრამ არხი, ორი მაიორი - "მოწინააღმდეგის უკუგდებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია." ამასთანავე, შეტყობინებაში ნათქვამია, რომ გადასროლილი რეზერვების წყალობით შემცირებულია უკრაინელთა სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების აქტივობა, რომლებიც კურსკისკენ მიმავალი მაგისტრალის გასწვრივ განლაგებული დასახლებული პუნქტების რისლსკისა და ლგოვის მიმართულებით უტევდნენ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ არხ რიბარის ავტორის, მიხაილ ზვენჩუკის ცნობით, უკრაინელები მაგრდებიან ე.წ. სუროვიკინის ხაზის საფორტიფიკაციო ნაგებობებში. უკრაინელთა მიერ პოზიციების დაჩქარებულ გამაგრებაზე იუწყება კიდევ ერთი Z-ბლოგერი, იური კოტიონოკი. მისივე თქმით, უკრაინელები აგრძელებენ კურსკის ოლქში დასავლური სამხედრო ტექნიკის გადასროლას. 

ამასთანავე Z-ბლოგერები მიიჩნევენ, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ შეუყვანია ბრძოლაში რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი. მათი ცნობით, სუმის ოლქში თავს იყრის უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ბრიგადა. "მომდევნო 24 საათი მძიმე იქნება"- წერს ორი მაიორი. ხოლო რიბარის ცნობით, ЗСУ-ს მთავარი დარტყმა კურსკში ჯერ კიდევ წინ არის.

"სუმში უკრაინული დანაყოფების სერიოზული დამრტყმელი მუშტი იკვრება და მეორე და მესამე ეშელონი მათ ჯერ კიდევ არ შეუყვანიათ ბრძოლაში. მოწინააღმდეგის მთავარი დარტყმა მოსალოდნელია, მაგრამ როდის მოხდება ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია."

 

 

 

მსგავსი სიახლეები