უკრაინის იერიში კურსკში, დღე 5 - მთავარი
კურსკის ოლქში მიმდინარეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის მეხუთე დღე.
გასულ 24 საათში უკრაინის არმიის შეტევის მთავარი მიმართულება კვლავ კორენევოსა და ლგოვის რაიონული ცენტრები იყო. დამოუკიდებელი OSINT ანალიზი მიუთითებს, რომ უკრაინული შეტევების მიუხედავად რუსები კვლავ ინარჩუნებენ კონტროლს აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებზე.
Z-ბლოგერების თქმით, კურსკში გადასროლილმა დანაყოფებმა შეძლეს სოფელ მარტინოვკას დაბრუნება, რომელსაც რამდენიმე საათით უკრაინის არმია აკონტროლებდა.
დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსების ცნობით, უკრიანის არმიის წინსვლა გასულ 24 საათში მნიშვნელოვნად შეამცირა რეგიონში გადასროლილმა რეზერვებმა, ხოლო უკრაინულმა დანაყოფებმა დაკავებულ პოზიციებზე გამაგრება დაიწყეს.
"ЗСУ-ს წინსვლა მნიშნველოვნად შენელდა, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ჩვენი შეიარაღებული დაეუფლნენ ინიციატივას ნაადრევია, მეტიც ინიციატივა რიცხობრივ უპირატესობაში მყოფ მოწინააღმდეგეს ეკუთვნის და ის ცდილობს თავს მოგვახვიოს დღის წესრიგი. რომ არა ჩვენი 24-საათიან რეჟიმში მომუშავე ჩვენი მფრინავები არც კი ვიცი რა სურათი გვენებოდა"- წერს Z-ბლოგერი, იური პოდოლიაკა, რომელსაც 3-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.
თავის მხრივ, კურსკში მიმდინარე იერიშის მეხუთე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრებსში ფრონტის მიმდინარე მონაკვეთს კურსკის მიმართულებად მოიხსენიებს.
უწყება კურსკში დამატებითი სამხედრო რეზერვების გადასროლის შესახებ იუწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ და სპეცრაზმ "ახმატის" მეთაურმა, აპტი ალაუდინოვი კურსკის ჩავარდნაში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები დაადანაშაულა.
ალაუდინოვის თქმით, კურსკის ოლქის დაკარგულ ტერიტორიების დაბრუნება მალე ვერ მოხერხდება და ამას როგორც მინიმუმ რამდენიმე კვირა დასჭირდება.
დილის საათებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც უკრაინელი და მაღალი ალბათობით ქართველი ჯარისკაცები მათი თქმით, ბელგოროდის ოლქის სოფელ პოროზში იმყოფებიან. კადრში ჩანს 5 ჯარისკაცი საქართველოს და უკრაინის დროშებით სოფლის კლუბის შენობის ფონზე, უცნობია თუ როდისაა გადაღებული ვიდეო. თავად სოფელი სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
რუსი Z-ბლოგერების თქმით, უკრაინული დანაყოფი სოფელში მცირე ხნით იმყოფებოდა და ვიდეოს გავრცელების მომენტში უკვე აღარ იმყოფებოდნენ დასახლებულ პუნქტში.
რუსი სამხედრო ანალიტიკოსი, იან მატვეევი მიიჩნევს, რომ ამგვარად უკრაინა ცდილობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყურადღების აბნევას კურსკიდან სხვა მიმართულებებზე.
გასული ღამით კრემლმა ანტი-ტერიტორისული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში.
ზოგი Z-ბლოგერი მიიჩნევს, რომ ბელგოროდის მიმართულებით უკრაინული დანაყოფების კონცენტრაცია იზრდება, რაც შესაძლოა ამ მიმართულებით საომარი მოქმედებების ინტენსივობის წინაპირობა იყოს.
გარდა ამისა მსხვილი Z-ბლოგერების ნაწილი კურსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ დარტყმას პროგნოზირებენ, მათი თქმით, ამაზე სუმში უკრაინელთა გაზრდილი კონცენტრაცია მიუთითებს.
გასული 24 საათის განმავლობაში იმავე კურსკის მიმართულებაზე უკრაინელმა მებრძოლებმა ჩამოაგდეს რუსეთის КА-52-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი. ეს უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში განადგურებული უკვე მეორე ამ მოდელის შვეულმფრენია. ცნობილია კიდევ სხვა მოდელის 3 ვერტმფრენის განადგურების შესახებ.
"ჩვენ დავკარგეთ КА-52, პირველადი ვერსია გადასატანი საზენიტო რაკეტა მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიული რაზმისგან"- წერს Z-ბლოგერი ნიკით FlighterBomber.
გუშინ ცნობილი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახე - 125 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტში შედის, საარტილერიო ჭურვები, გადასატანი საზენიტო და ანტი-სატანკო ჭურვები და სხვა ტიპის შეიარაღება.