ზალუჟნი: მაღიზიანებს, როცა ამბობენ, რომ შეტევა ნელია, ყოველი მეტრი სისხლით არის მოპოვებული

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ჯარისკაცები სისხლით იხდიან უკრაინის მიწის ყოველი მეტრის დეოკუპაციას, ამიტომ მას აღიზიანებს კომენტარები, რომ კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელია.

ეს მოსაზრება ზალუჟნიმ The Washington Post-თან ინტერვიუში გამოთქვა.

"ეს მაღიზიანებს," - თქვა უკრაინის არმიის მთავარსარდალმა, როდესაც ესმის, რომ უკრაინის დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მოსალოდნელზე ნელა დაიწყო. მისი თქმით, უკრაინის არმია ყოველდღიურად მიიწევს წინ, თუნდაც ეს მხოლოდ 500 მეტრი იყოს. 

"ეს არ არის შოუ. ეს არ არის შოუ, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, ფსონს დებს ან რაიმე მსგავსი. ყოველდღე, ყოველ მეტრს სისხლით ვიბრუნებთ." - განაცხადა მან.

ზალუჟნის თქმით, იმისათვის, რომ უკრაინულ კონტრშეტევას უფრო სწრაფი წინსვლა ჰქონდეს, მას სჭირდება სხვადასხვა ტიპის მეტი იარაღი, ასევე უპირატესობა ჰაერში - F-16-ის გამანადგურებლები.

მან აღნიშნა, რომ ჯარების სრულად უზრუნველყოფის გარეშე, ეს გეგმები ზოგადად არარეალურია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა "ისინი სრულდება."

"დიახ, ალბათ არც ისე სწრაფად, როგორც შოუს მონაწილეებს სურთ, დამკვირვებლებს, მაგრამ ეს მათი პრობლემაა," - შეაჯამა ზალუჟნიმ.

მსგავსი სიახლეები