ზალუჟნი: რუსეთმა უკრაინას 76 რაკეტა ესროლა, საჰაერო თავდაცვამ 60 ჩამოაგდო
16 დეკემბერს, დილით, მასიური თავდასხმის დროს რუსეთმა უკრაინას 76 რაკეტა ესროლა. ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ავრცელებს.
"წინასწარი მონაცემებით, დღეს დილით მტერმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კასპიისა და შავი ზღვიდან 76 რაკეტა ესროლა, მათ შორის 72 ფრთოსანი რაკეტა (X-101, "კალიბრი", X-22) და ოთხი მართვადი საჰაერო რაკეტა (X-59)" - წერს ის.
ზალუჟნის თქმით, მათგან 60 რაკეტა საზენიტო-სარაკეტო ძალების და უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის სამხედროებმა ჩამოაგდეს.
"სარაკეტო ტერორი და მტრის მცდელობა გაარღვიოს კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემა, არ გვაძლევს საშუალებას დავდოთ იარაღი. გჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების!" - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
უკრაინის დედაქალაქმა კიევმა ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა მოიგერია. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქისკენ ნასროლი 40 რაკეტიდან საჰაერო თავდაცვამ 37 ჩამოაგდო.