ზალუჟნი: უკრაიამ ფრონტზე სიტუაციის სტაბილიზაცია შეძლო

უკრაინის ფრონტზე ვითარება რთულია, მაგრამ მართვადი. ამის შესახებ უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, მარკ მილისთან ისაუბრა.

"ტრადიციულად მე ვაცნობე ჩემს ამერიკელ კოლეგას ოპერატიული ვითარების შესახებ. ჩვენ მოვახერხეთ სიტუაციის სტაბილიზაცია. სიტუაცია არის რთული, დაძაბული, მაგრამ სრულიად კონტროლირებადი", - წერს ზალუჟნი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განმარტა, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო უკრაინელი სამხედროების მიერ თავდაცვის ხაზების და პოზიციების შენარჩუნებას, არის ამერიკული M142 HIMARS-ების დროული მიწოდება, რომლებიც "მიზანმიმართულ დარტყმებს ახორციელებენ მტრის სამეთაურო პუნქტებზე, საბრძოლო მასალისა და საწვავის საწყობებზე".

"უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინა დღეს, მე და გენერალმა მილიმ სინქრონიზება გავუკეთეთ უკრაინული მხარის თხოვნებს. გულწრფელი მადლობა გადავუხადე პირადად ჩემს კოლეგას და შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დახმარებისთვის," - განაცხადა ზალუზნიმ.

მსგავსი სიახლეები