ზალუჟნიმ მილისთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრა
1 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ტელეფონით აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ მარკ მილის ესაუბრა. ამის შესახებ ზალუჟნიმ Facebook-ზე განაცხადა.
საუბარი უკრაინასა და პარტნიორებს შორის მუდმივი დიალოგის ფარგლებში შედგა.
"დეტალურად გავაცნე [მილის] ფრონტის ყველა სექტორში არსებული ვითარება. სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. უმძიმესი ბრძოლები გრძელდება ბახმუტში, ავდიივკაში და მარინკაში [დონეცკის ოლქი], სადაც მტერი აგრძელებს ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევით ოპერაციებზე." - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ამერიკელ თანამოსაუბრეს ასევე ესაუბრა რუსული სტრატეგიული ავიაციის სარაკეტო დარტყმების და ფრონტის ზონაში მართვადი ბომბებით სამოქალაქო სამიზნეების ყოველდღიური დაბომბვის შესახებ.
მან პარტნიორების ყურადღება გაამახვილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე.
"მე ცალკე ვისაუბრე ჩვენი ქვედანაყოფების დაკომპლექტების თემაზე და უკრაინისთვის იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობით დროული მიწოდების მნიშვნელობაზე", - წერს ზალუჟნი.