ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია კვლავ დაიბომბა

ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიდამოებში 19 ნოემბრის საღამოს და 20 ნოემბრის დილით აფეთქებების ხმა გაისმა, რის შედეგადაც ელექტროსადგურის  ზოგიერთი შენობა, სისტემა და აღჭურვილობა დაზიანდა. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) 20 ნოემბერს ავრცელებს.

IAEA-ს ცნობით, რომლის დამკვირვებლებიც სადგურზე იმყოფებიან, ზიანი ბირთვული უსაფრთხოებისთვის ჯერ კრიტიკული არაა.

"ჩვენი გუნდის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გუშინ და დღეს დილით უაღრესად შემაშფოთებელია. ამ დიდი ატომური ელექტროსადგურის ადგილზე აფეთქებები მოხდა, რაც სრულიად მიუღებელია. ვინც ამის უკან დგას, სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს, როგორც არაერთხელ ვთქვი, თქვენ ცეცხლს ეთამაშებით", - განაცხადა IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.

ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურზე მყოფმა სააგენტოს ექსპერტებმა შტაბს განუცხადეს, რომ 20 ნოემბერს, დილით, ათზე მეტი აფეთქება მოხდა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი მათგანი მათ ფანჯრებიდან დაინახეს. 

"ენერგოატომი": რუსული დაბომბვის მიზანია ორი ელექტროსადგურის გაშვების თავიდან აცილება

უკრაინულმა "ენერგოატომმა" განაცხადა, რომ ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა დაბომბეს.

"დღეს დილით, 2022 წლის 20 ნოემბერს, რუსული დაბომბვების შედეგად, დაფიქსირდა მინიმუმ 12 დაბომბვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე", - აცხადებენ კომპანიაში.

"ენერგოატომის" მტკიცებით, ატომურ ელექტროსადგურზე დაზიანებული აღჭურვილობის ბუნება და ჩამონათვალი მეტყველებს იმაზე, რომ რუსებმა მიზანმიმართული დარტყმებით დააზიანეს ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭირო იყო მე-5 და მე-6 ენერგობლოკების ჩასართავად და უკრაინის საჭიროებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.

რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტში დაიკავეს. მას შემდეგ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სადგურის დაბომბვაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

მსგავსი სიახლეები