ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული უსაფრთხოება დაირღვა
ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ბრძოლები შეწყდა. რადიაციის დონე ნორმაშია. ამის შესახებ 4 მარტის ღამეს CNN-ს ატომური ელექტროსადგურის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი ტუზმა განუცხადა.
მისი თქმით, სადგური კრიტიკულად არ დაზიანებულა.
თეთრი სახლის ორმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს რადიაციის დონის ზრდის ნიშნები ჯერ არ დაუფიქსირებია.
Украинская правда-ს ცნობით, ხანძრის შემდეგ ჩეჩენი მებრძოლები ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და უკრაინის ეროვნულ გვარდიას შეებრძოლნენ. გამოცემის წყარო აცხადებს, რომ კადიროვის მებრძოლებს ტერიტორიის დანაღმვა სურთ.
"ოკუპანტები საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფებს არ აძლევენ უფლებას დაიწყონ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები", - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტში.
ატომური ელექტრო სადგურის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ მურაშოვმა განაცხადა, რომ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოება დაირღვა.