ზელენსკი: ამ კვირაში უკრაინის არმია წარმატებულად ანადგურებდა რუსების ლოგისტიკას
რუსი დამპყრობლები, რომლებმაც იციან, რომ პირდაპირ ბრძოლებში უკრაინელებთან აგებენ, ეყრდნობიან არტილერიას და ტოტალურ დაბომბვას, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ მათ დონბასში, ხარკოვისა და მიკოლაივის რეგიონებში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ამ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და ჩვენმა დაზვერვამ მიაღწიეს მძლავრ შედეგებს რუსული არმიის ლოგისტიკის, დამპყრობლების უკანა ბაზების განადგურებაში და ყოველი დარტყმა მტრის საბრძოლო მასალის საცავებზე, მათ სამეთაურო პუნქტებზე, იხსნის ყველას სიცოცხლეს, უკრაინელი სამხედროების და სამოქალაქო პირების სიცოცხლეს", - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას საჭირო იარაღს აწვდიან. მან აღნიშნა, რომ ამ კვირაში შეთანხმებულია ამერიკის სამხედრო მხარდაჭერის კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალას.
"დიდი მადლობა. ყველა მათგანი გამოიყენება ძალიან ზუსტად და ჩვენი საერთო თავდაცვის სტრატეგიის სასარგებლოდ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კიდევ უფრო ეფექტური და თანამედროვე იარაღი", - განაცხადა ზელენსკიმ.