ზელენსკი ბაიდენს და ტრამპს ომში უკრაინის გამარჯვების გეგმას წარუდგენს
მომავალ თვეში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ამის შესახებ მან სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გეგმა ასევე საპრეზიდენტო კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გაეგზავნებათ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გეგმა მოიცავს ოთხ მიმართულებას, მათ შორის, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას კურსკის რეგიონში.
"ეს შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი გეგმაა," - თქვა მან. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ კურსკის რეგიონში შეტევამ ხელი შეუშალა უკრაინის სუმისა და ჩერნიჰივის რეგიონების ოკუპაციას.
გარდა ამისა, გეგმაში საუბარია უკრაინის როლის კონსოლიდაციაზე გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიულ სტრუქტურაში, რათა მოხდეს რუსეთის იძულება, დაასრულოს ომი დიპლომატიური გზით.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეგმის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე და კონკრეტულად ქვეყნის პრეზიდენტზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება განსაზღვრავს მიიღებს თუ არა უკრაინა საჭირო რესურსებს და რამდენად თავისუფლად შეძლებს მათ განკარგვას.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა რაიმე მოლაპარაკების ფარგლებში ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.
"პუტინთან კომპრომისები და პრინციპში, დიალოგიც არის ფუჭი, უაზრო, რადგან მას არ სურს, რომ ომი დიპლომატიურად დასრულდეს. ის დიპლომატიისთვის მზადაა, თუ მას ჩვენი ტერიტორიის 30%-ს დავუთმობთ. ჩემი აზრით, ამ საკითხზე მასთან თამაში შეუძლებელია." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.