ზელენსკი: ბატონ ორბანს პატიოსნება აკლია, შესაძლოა მოსკოვთან კონტაქტებისას დაკარგა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 აპრილის საღამოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ინტერვენციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიცია გააკრიტიკა.
"მინდა მივმართო კიდევ ერთ ადამიანს, რომელსაც, როგორც ჩანს, ბოლომდე არ ესმის, რა ხდება არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში. უნგრეთის პრემიერ მინისტრს, რომელიც თითქმის ერთადერთია ევროპაში, ვინც ღიად უჭერს მხარს პუტინს. ოფიციალური ბუდაპეშტისგან განსაკუთრებული არაფერი გვითხოვია. ჩვენ ისიც კი ვერ მივიღეთ, რასაც ყველა აკეთებს! მათ არ მოგვცეს თავდაცვისთვის სასიცოცხლო ტრანზიტი, ვერ ანახეს მორალური ლიდერობა. ომის შეჩერების ვერც ერთი მცდელობა ვერ ვნახეთ! რატომ არის ასე?” - ჰკითხა პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერს.
"ევროპაში არავის სურს ბრძოლის ველი მარიუპოლიდან ბუდაპეშტში, ხარკოვიდან კრაკოვში ან ჩერნიგოვიდან ვილნიუსში გადავიდეს. მთელი ევროპა ცდილობს შეაჩეროს ომი, აღადგინოს მშვიდობა. მაშ, რატომ ეწინააღმდეგება ოფიციალური ბუდაპეშტი მთელ ევროპას, ყველა ცივილიზებულ ქვეყანას? რისთვის?" - განაცხადა ზელენსკიმ.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უმცირესობები უნდა იყვნენ ის ხიდები, რომლებიც უფრო მეტად გვაერთიანებს. პოლიტიკოსები მიდიან. მაგრამ სიმართლე რჩება. სწორედ ამაზე ვლაპარაკობ - სიმართლეს. და რასაც ვფიქრობ, ყოველთვის ვამბობ. როცა უნგრეთზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ უნგრეთს. და არ მჭირდება ჩემი აზრების დაფარვა. თუ ჩვენ უნდა ვისაუბროთ გერმანიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ გერმანიაზე. თუ თქვენ გჭირდებათ საუბარი სხვა ქვეყანაზე, მე ვსაუბრობ სხვა ქვეყანაზე. თუ ეს ომია, მე მას ომს ვეძახი და არა "სპეციალურ ოპერაციას". თუ ეს საფრთხეა მთელი ევროპისთვის, მაშინ მე მას საფრთხეს ვუწოდებ მთელი ევროპისთვის. ამას ჰქვია პატიოსნება, რომელიც ბატონ ორბანს აკლია. შესაძლოა, მან სადღაც მოსკოვთან კონტაქტების დროს დაკარგა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.