ზელენსკი: დაახლოებით $10 მილიარდის მარცვლეულის მარაგი გვაქვს

უკრაინას ახლა დაახლოებით $10 მილიარდი მარცვლეული აქვს მარაგში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 22 ივლისს მის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს განბლოკავს. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტის ტექსტი საჯაროა და ის სრულად აკმაყოფილებს უკრაინის ინტერესებს.

"გასული წლის მარცვლეულის მოსავალიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა გავა ექსპორტზე, წლევანდელი მოსავალიც, რომელსაც უკვე ვიღებთ, შეიძლება გაიყიდოს, ეს არის ფერმერებისთვის შემოსავალი, მთელი სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ეს არის სამუშაო ადგილები. ეს არის თანხები მომავალი წლის თესვისთვის, ახლა უკვე გვაქვს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის მარცვლეული", - განაცხადა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არსებობს შანსი, რომ შემცირდეს სასურსათო კრიზისის სიმძიმე, რომელიც რუსეთმა გამოიწვია. მისი თქმით, უკრაინული ხორბლის მსოფლიო ბაზრებზე დაბრუნებით შეიძლება მსოფლიომ თავიდან აიცილოს შიმშილი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელმოწერილი დოკუმენტების მიხედვით, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ყველაფერს უკრაინის სახელმწიფო გააკონტროლებს.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები სრულად აკონტროლებენ მისადგომებს საზღვაო პორტებთან.

მსგავსი სიახლეები