ზელენსკი: ენერგორესურსები და ნავთობი მშვიდობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღებია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა დონალდ ტრამპის სურვილს, მიაღწიოს ნავთობის გლობალური ფასების შემცირებას, რაც, მისი აზრით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დასრულებას ხელს შეუწყობს.

"ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს საერთაშორისო აქტივობებს, დღეს იყო შესაბამისი შეხვედრები, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მშვიდობა ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი, ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. მთავარია, არ შეწყდეს რუსეთზე ზეწოლა, ერთადერთ სუბიექტზე, რომელსაც ეს ომი სურს, რომელიც ამ ომის დამნაშავეა.

ეს არის რუსეთი, რომელიც ცდილობს გაახანგრძლივოს აგრესია და ოკუპაცია. რა თქმა უნდა, ენერგორესურსები და კონკრეტულად ნავთობი არის მშვიდობის, რეალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები." - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპამ უფრო მეტი ენერგორესურსები უნდა იყიდოს ამერიკისგან და სხვა პარტნიორებისგან და არა რუსეთისგან.

ეს განცხადებები უკრაინის პრეზიდენტმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დონალდ ტრამპის გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

"საუდის არაბეთს და OPEC-ს ვთხოვ, შეამცირონ ნავთობის ფასი. თუ [ნავთობის] ფასი დაეცემა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მაშინვე დასრულდება!" - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები