ზელენსკი: ესპანეთი გახდა 21-ე ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას

ესპანეთი გახდა 21-ე ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს უკვე 21-ე ასეთი დოკუმენტია ალიანსის წევრებთან და ეს არის უმრავლესობა. ჩვენ ვილნიუსში, ალიანსის სამიტზე ესპანეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს და უკრაინა დარწმუნებულია, რომ დღეს ყველა საფუძველი არსებობს უკრაინის ნატოში მისაწვევად," - აღნიშნა ზელენსკიმ.

ესპანეთისა და უკრაინის ლიდერების ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ესპანეთი მხარს უჭერს ნატოს პარტნიორობის გაძლიერებას უკრაინასთან, კერძოდ, ნატო-უკრაინის საბჭოს, როგორც მიმდინარე თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და გაფართოვების პლატფორმის დაარსებას.

"ესპანეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის მხარდაჭერას ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, ნატოს 2022 წლის სტრატეგიული ხედვისა და ნატოს მადრიდის სამიტის დეკლარაციის შესაბამისად," - ნათქვამია დოკუმენტში.

29 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ზელენსკის დიპლომატიურმა მრჩეველმა იჰორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვილნიუსში, ნატოს სამიტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავა, თუ უკრაინა დამაკმაყოფილებელ შედეგს მიიღებს.

 

მსგავსი სიახლეები