ზელენსკი ევროპის ყველაზე ქარიზმატული ლიდერი, პუტინი ბოლო ადგილოსანი - Politico

გამოცემა "პოლიტიკომ" 2023 წლის ევროპის ქარიზმატული ლიდერების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მაღალი შეფასება ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა დაიმსახურა. 

ამერიკული გამოცემის თანახმად, რამდენიმე წლის წინ, ამ ჩამონათვალში მოწინავე ადგილი გააჩნდა ემანუელ მაკრონს, თუმცა მიმდინარე წელს, მან ათ-ბალიანი შეფასებიდან, მხოლოდ ოთხი დაიმსახურა. 

მასზე დაბალი შედეგი აქვს ოლაფ შოლცს, გერმანიის კანცლერს. მეტიც, ავტორთა აზრით, რთულია შოლცზე ნაკლებად ქარიზმატული ლიდერის მოძებნა. 

"სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ზედმეტად ქარიზმატული ლიდერი, ევროპის წამყვანი ეკონომიკის ლიდერის პოსტზე სასურველი არაა, მაგრამ თქვენ ალბათ იმაზე მეტი გინდათ, ვიდრე კლდეზე დახატული სახეა."

მოწინავე პოზიციას იკავებს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი, რომელმაც 7 ქულა დაიმსახურა. "ბრიტანეთის ყველაზე ქარიზმატული პოლიტიკოსი ალექსანდერ ბორის დე პფეფელ ჯონსონია"- ეს დასკვნა გამოიტანეს Politico-ში, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერი, სხვა ბრიტანელ ლიდერებს შეადარეს. 

იტალიის პრემიერის ჯორჯა მელონისგან განსხვავებით, რომელმაც ოლაფ შოლცის მსგავსად, მხოლოდ 3 ქულა დაიმსახურა, მაღალი შეფასება მიიღო რობერტა მეცოლამ, ევროპარლამენტის იტალიელმა პრეზიდენტმა.

ევროკავშირის სხვა ლიდერებთან - ურსულა ფონ დერ ლაიენთან და შარლ მიშელთან შედარებით, მეცოლა გამორჩეულად ქარიზმატულ ლიდერად არის მიჩნეული. 

ქართული აუდიტორიისთვის კარგად ნაცნობ შარლ მიშელს ე.წ "Sofagate"-ის სკანდალი არ ეპატია. 2021 წელს, ერდოღანთან შეხვედრის დროს, შარლ მიშელისგან განსხვავებით, ურსულა ფონ დერ ლაიენითვის სავარძელი "არ გამოინახა," რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ადგილზე არ გაუპროტესტებია. 

2023 წლის ყველაზე ქარიზმატულ ლიდერად ვოლოდიმირ ზელინსკი დასახელდა, რაც ალბათ გასაკვირი ცოტასთვის თუ იქნება.

"შთამაგონებელი გამოსვლები, დაუჯერებელი სიმამაცე...ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად არჩევამდეც ცნობილი ადამიანი იყო, რაც კარგად ჩანს." 

დასასრულს, ვლადიმერ პუტინის ჯერი დადგა, რომელსაც ამ ჩამონათვალში ნული ქულა ერგო და დამსახურებული ბოლო ადგილი მიიღო.

"ჩვენ შეიძლება გითხრათ, რომ მეზობელთან სასტიკი ომის დაწყება, ნადირობისას ან ჯირითის დროს დადგმული ფოტოების გადაღება, ირანისა და ჩრდილო კორეის ლიდერებთან საუკეთესო მეგობრის სტატუსის ქონა არ არის ქარიზმატული. 

თუმცა, ამის თქმა არ გვჭირდება.

ყველა ლიდერს შორის, პუტინი არის უკანასკნელი, ვისთანაც ჭიქა ჩაის ან ლუდის დალევა გვინდა, რაც საკმარისზე მეტია. ნული ქულა. შემდეგი."- ასე შეაფასეს Politico-ში რუსეთის პრეზიდენტი. 

 

 

მსგავსი სიახლეები