ზელენსკი ისრაელთან ირანული დრონებზე ინფორმაციის გაცვლას მიესალმება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ "დადებით ტენდენციას" ხედავს კიევის ისრაელთან ურთიერთობებში მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ერთმანეთს რუსეთის მიერ ასობით ირანული უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენების შესახებ.
"ასე რომ, ჩვენ თანამშრომლობის დასაწყისში ვართ, ეს არის პოზიტიური ტენდენცია ისრაელთან ურთიერთობებში", - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს კიევში და დასძინა, რომ "დიდი პაუზის შემდეგ ვხედავ, რომ წინ მივდივართ".
ზელენსკის განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ორი დღის წინ ისრაელის ნეიტრალიტეტი გააკრიტიკა უკრაინა-რუსეთის ომში და თქვა, რომ ისრაელის ლიდერების გადაწყვეტილებამ მხარი არ დაუჭირონ კიევს, წაახალისა რუსეთის სამხედრო პარტნიორობა ირანთან.
მაგრამ ოთხშაბათს, გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან, უმარო სისოკო ემბალოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა და ისრაელი ახლა ძირითად ინფორმაციას ერთმანეთს უზიარებენ.
"სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც ახლა განიხილება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც ჩვენმა დაზვერვამ იცოდა - დაახლოებით 400 ირანული დრონი უკვე გამოყენებულია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მათი 60-70 პროცენტი ჩამოგდებულია". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიუხედავად, ისრაელი ინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას და უკრაინას სამხედრო დახმარებას არ აწვდის.
1 ნოემბერს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ყველაზე პოპულარული პარტიის, "ლიკუდის" ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ გაპრემიერების შემთხვევაში მზად არის განიხილოს უკრაინისთვის იარაღის გადაცემა.