ზელენსკი: კრავჩუკს მთელი გულით სურდა მშვიდობა უკრაინისთვის, ჩვენ ამას მივაღწევთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 მაისს გამოქვეყნებულ მიმართვაში უკრაინის პირველი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის გარდაცვალებაზე ისაუბრა. მიმართვის ტექსტს პრეზიდენტის ვებ-გვერდი ავრცელებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კრავჩუკი "არ იყო მხოლოდ პოლიტიკოსი და არც მხოლოდ ისტორიული ფიგურა".

"ის იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა, როგორ ეპოვა ბრძნული სიტყვები და ეთქვა ისე, რომ ყველა უკრაინელს გაეგო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთულ, კრიზისულ მომენტებში. როცა მთელი ქვეყნის მომავალი შეიძლება ერთი ადამიანის სიბრძნეზე იყოს დამოკიდებული. ლეონიდ მაკაროვის ძემ ზუსტად ასეთი სიბრძნე გამოავლინა 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც წარმოიშვა უკრაინული მოძრაობა. მან ბრწყინვალედ გაიარა 1991 წელი და მხოლოდ ახლა ჩანს ისე, რომ მაშინ მარტივი იყო მისთვის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კრავჩუკი ყოველთვის დარჩება უკრაინასთან.

"ალბათ მისი სიბრძნის წყალობით იყო განსაკუთრებით ხალისიანი, ყოველთვის აფასებდა სიცოცხლეს, ყოველ წუთს. მაგრამ ის ყოველთვის პოულობდა დროს, რათა დამხმარებოდა საკითხებში გარკვევაში და რჩევა მოეცა. და პირადად მე მადლიერი ვარ ამისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან თქვა, რომ კრავჩუკი ბავშვობაში გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს და ოკუპაციას.

"ლეონიდ მაკაროვის ძემ იცოდა თავისუფლების ფასი და მთელი გულით სურდა მშვიდობა უკრაინისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მივაღწევთ. მივაღწიოთ ჩვენს გამარჯვებას და ჩვენს მშვიდობას. მარადიული პატივისცემა და ხსოვნა დამოუკიდებელი უკრაინის პირველ პრეზიდენტს! მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც იცავდა უკრაინას! დიდება უკრაინას!" - თქვა უკრაინის პერზიდენტმა.

კრავჩუკი რივნის რაიონის სოფელ ველიკი ჟიტინში 1934 წლის 10 იანვარს დაიბადა. ის უმაღლესი რადას პირველი თავმჯდომარე და უკრაინის პირველი პრეზიდენტი იყო (სახელმწიფოს ხელმძღვანელობდა 1991-1994 წლებში, მანამდე კი პარლამენტს - 1990-1991).

2020 წელს კრავჩუკი ხელმძღვანელობდა უკრაინის დელეგაციას სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად. 2021 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ კრავჩუკს გულის ოპერაცია ჩაუტარდა. დელეგაციის ხელმძღვანელი არ შეცვლილა, რადგან კრავჩუკის გამოჯანმრთელებას ელოდნენ და მის გადაწყვეტილებას დარჩებოდა თუ არა თანამდებობაზე.

კრავჩუკმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე მის მთავარ მისიად დონბასში ომის დასრულებას მიიჩნევდა. იანვარში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, მან აღნიშნა, რომ მოვლენებს შეშფოთებით ადევნებდა თვალს.

მსგავსი სიახლეები