ზელენსკი: მტერმა უკრაინაში თავისი ჯარების აბსოლუტური უმრავლესობა შემოიყვანა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარის "აბსოლუტური უმრავლესობა" გაგზავნა. ამის შესახებ მან 4 მარტს, პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"მტერმა თავისი ჯარების აბსოლუტური უმრავლესობა შემოიყვანა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თითქმის მთელი რუსული არმია ჩვენი ხალხის წინააღმდეგაა გადმოსროლილი, მაგრამ უკრაინელების გმირული წინააღმდეგობა უკვე მეცხრე დღეა იხსნის ჩვენს სახელმწიფოს ამ შემოჭრისგან." თქვა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქებს "ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ ასეთი არაადამიანური სისასტიკე არ უნახავთ".

"ჩერნიგოვი, ახტირკა, ხარკოვი, მარიუპოლი. ისინი განზრახ ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, კლავენ ხალხს, ბომბავენ სახლებს. მხოლოდ გუშინ ჩერნიგოვში რუსული ბომბების შედეგად დაიღუპა 47 ადამიანი, მშვიდობიანი მოქალაქეები. [ოკუპანტები] უბრალოდ ანადგურებენ ხარკოვს სარაკეტო არტილერიით და საჰაერო ძალებით. რუსეთი ანადგურებს ხარკოვს. როგორ მოხდა ეს? დღეს დილით ჟიტომირში რაკეტა მოხვდა სკოლის შენობას, ბავშვებს. ასეთი ხდება რეალობა, როცა "ძმური" რუსეთი მოდის", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები