ზელენსკი: ოკუპანტები უკვე გრძნობენ, რომ დროა გაიქცნენ ხერსონიდან

უკრაინა დაუბრუნებს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს განაცხადა.

"დროებით ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლებს მინდა ვუთხრა: რასაც არ უნდა დაჰპირდნენ ოკუპანტები, მათი ერთადერთი გზა, საუკეთესო შემთხვევაში, გაქცევაა. ჩვენ განვდევნეთ რუსული ჯარი ჩრდილოეთ რეგიონებიდან. ჩვენ განვდევნეთ დამპყრობლები ჩვენი ზმეინიდან. ისინი უკვე გრძნობენ, რომ დროა გაიქცნენ ხერსონიდან და, ზოგადად, ჩვენი სამხრეთ ტერიტორიიდან. დადგება დრო, როცა ისინი გაიქცევიან ხარკოვის რეგიონიდან, დონბასიდან, ყირიმიდან... და ყველას, ვისაც შეუძლია ამაში დახმარება, უნდა დაგვეხმაროს", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან მოუწოდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს, ოკუპანტებისა და მათი თანამზრახველების შესახებ ინფორმაცია უკრაინელ სამხედროებსა და სპეცსამსახურებს გადასცენ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს უნდა გაკეთდეს მათთვის უსაფრთხო გზით.

მსგავსი სიახლეები