ზელენსკი: ოკუპანტებს ჯარი გადაჰყავთ ხერსონსა და ზაპოროჟიეში, მაგრამ ეს მათ იქ არ დაეხმარებათ
რუს ოკუპანტებს უკრაინის აღმოსავლეთიდან სამხრეთში ჯარების გადაყვანა არ დაეხმარებათ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 ივლისის შედეგების შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ახლა რუსული არმია ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიციები ჩვენი ქვეყნის სამხრეთის ოკუპირებულ რაიონებში, გაზარდოს აქტივობა შესაბამის მიმართულებაზე. რუსული ძალების ნაწილი აღმოსავლეთში მდებარე პოზიციებიდან გადადის სამხრეთში - ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში, მაგრამ ეს მათ იქ არ დაეხმარებათ", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "არც ერთი რუსული დარტყმა არ რჩება უპასუხოდ ჩვენი ჯარის და დაზვერვის ოფიცრების მიერ".
"უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან უპასუხონ დამპყრობლების ნებისმიერ ახალ აქტივობას. სტრატეგიულად, რუსეთს არ აქვს ამ ომის მოგების შანსი. და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ისე, რომ ტაქტიკურ დონეზე ტერორისტულმა სახელმწიფომ იგრძნოს თავისი დანაკარგი. თქვენ უნდა გამაგრდეთ სამხრეთში, აღმოსავლეთში და ყველგან. გამაგრდით თავდაცვაში, დიპლომატიაში, პოლიტიკაში. შევინარჩუნოთ ჩვენი ერთობა - და არა მარტო გამარჯვებამდე, არამედ მის შემდეგაც, რათა ხარისხიანად აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ოკუპანტებმა გაანადგურეს. მჯერა, რომ ამ ყველაფერს შევძლებთ", - განაცხადა მან.