ზელენსკი რუს სამხედროებს: აქ არაფერი გელით ტყვეობის და სიკვდილის გარდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ მიმართვაში რუს სამხედროებს მოუწოდა დატოვონ მისი ქვეყანა, სანამ გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვთ. ვიდეომიმართვას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"რუსო ჯარისკაცებო! თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ გადარჩენის შანსი. ჩვენმა თითქმის ორკვირიანმა წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ არ დავნებდებით. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს მიწას და სანამ საკადრის პასუხს არ გაგცემთ ყველა ჩვენი მოკლულის გამო, მოკლული ბავშვებისთვის", - აღნიშნა მან.
ასევე პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსი სამხედროების გადარჩენა მაინც შეიძლება, თუ ისინი უბრალოდ დატოვებენ უკრაინას.
"არ დაუჯეროთ თქვენს მეთაურებს, როცა გეუბნებიან, რომ ჯერ კიდევ გაქვთ შანსები უკრაინაში. აქ არაფერი გელოდებათ ტყვეობის და სიკვდილის გარდა. თქვენ სიცოცხლეს გვართმევთ და თქვენსას გასცემთ. და ჩვენ გვაქვს შეტყობინებების ჩანაწერები, რომ თქვენს მეთაურებს უკვე ყველაფერი ესმით. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მშვიდობას. დატოვეთ ჩვენი სახლები, დაბრუნდით შინ!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.