ზელენსკი: რუსეთი გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში
აუცილებელია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 ივნისს საღამოს გამოსვლაში განაცხადა.
"შესაბამისი რეზოლუცია დაამტკიცა აშშ-ს სენატის კომიტეტმა და კანონიერი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სახელმწიფო დეპარტამენტმა. ასეთი გადაწყვეტილება ცხადია საჭიროა და მას მხარი უნდა დაუჭიროს მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ. ვუთხარი გერმანიაში დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილეებს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დროს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, რუსეთმა თითქმის 2800 სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტა გაუშვა უკრაინაში.
"საჰაერო ბომბების, სარაკეტო საარტილერიო ჭურვების რაოდენობა, რომლებსაც ჩვენს ქალაქებს ესვრიან, უბრალოდ გამოუთვლელია. ასობით ათასი მათგანია ომის ოთხი თვის განმავლობაში გასროლილი. ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორი", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ისაუბრა დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შესახებ კრემენჩუგში, პოლტავას ოლქის სავაჭრო ცენტრზე და ხარკოვის დაბომბვაზე, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.
"რუსული სახელმწიფო გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში. ეს ფაქტია. და ეს უნდა იყოს იურიდიული ფაქტი. და მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსული ნავთობის ყიდვა ან ტრანსპორტირება, რუსულ ბანკებთან კავშირების შენარჩუნება - ეს ტერორისტებისთვის ფულის მიცემაა", - დასძინა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა: უკრაინას სჭირდება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები.
"კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში მყოფი ხალხი იმსახურებდა უსაფრთხოებას, ისევე როგორც ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერ სავაჭრო ცენტრში - სადღაც ფილადელფიაში, ან თელ-ავივში, ან დრეზდენში. სამყაროს შეუძლია და ამიტომ უნდა შეაჩეროს რუსული ტერორი და ახლა უკვე შემიძლია ამის თქმა - მე ეს გავიგე ჩვენი პარტნიორებისგან: უკრაინამ უნდა მიიღოს საიმედო სარაკეტო თავდაცვა, ჩვენ ველოდებით შესაბამისი სისტემების გადმოცემას", - განაცხადა მან.