ზელენსკი: უკრაინა ევროკავშირში სრული ინტეგრაციამდე ერთ ნაბიჯშია
უკრაინის ევროკავშირთან სრულფასოვანი ინტეგრაციის დაწყებამდე ერთი ნაბიჯია, 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა. ამის შესახებ 17 ივნისს საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"ეს არის ყველასთვის ისტორიული მიღწევა, ვინც მუშაობს ჩვენი სახელმწიფოსთვის. დაველოდოთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მომავალ კვირას და მე მჯერა, რომ უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ნაბიჯი პოზიტიური ყოფილიყო - ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ანუ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების - უკრაინა იმსახურებს ამ პოზიტივს." - თქვა ზელენსკიმ.
"უკრაინის ევროპული ინტეგრაცია არ არის რაღაც წმინდა პოლიტიკური და არ არის რაღაც მოწყვეტილი ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებიდან. პირიქით, რაც უფრო ახლოს ვიქნებით ევროპის სხვა ქვეყნებთან, მით მეტი შესაძლებლობა გვექნება გარანტირებული იყოს თანამედროვე და აყვავებული ცხოვრება ყველა უკრაინელისთვის." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ევროპული საბჭოს სხდომა, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღებს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის გადაცემაზე გადაწყვეტილებას, 23-24 ივნისს გაიმართება.