ზელენსკი შესაძლოა 13 მაისს იტალიას ეწვიოს, სადაც მელონის და რომის პაპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა 13 მაისს, მოკლე ვიზიტით რომს ეწვიოს, რომლის ფარგლებშიც ის პრემიერ-მინისტრ მელონის და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება.
ამის შესახებ იტალიური სააგენტო ANSA წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა ხანმოკლე ვიზიტით იტალიას გერმანიაში ვიზიტისას ეწვიოს, სადაც ის ამ შაბათ-კვირას უნდა იყოს.
ვატიკანში სააგენტოს წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ზელენსკის რომის პაპი შეხვდეს, მაგრამ "ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და შესაბამისად, არ არსებობს შესაძლო შეხვედრის დროისა და ადგილის ოფიციალური დასტური."
2023 წლის აპრილში რომის პაპმა უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი მიიღო. თავად ზელენსკი ვატიკანში ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში, კოროვირუსის პანდემიის დაწყებამდე იმყოფებოდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში პირველად 2023 წლის თებერვალში ჩავიდა. მან კიევში უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავდა საჰაერო თავდაცვის სიტემებს SAMP / T-MAMBA, Spada და Skyguard.