ზელენსკი: თურქეთი მზად არის ხარკოვის აღდგენაზე პატრონაჟი აიღოს
თურქეთი მზად არის პატრონაჟი აიღოს ხარკოვისა და ხარკოვის ოლქის აღდგენაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 აგვისტოს საღამოს გამოსვლაში განაცხადა.
გუშინ ზელენსკი ლვოვში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ორი ლიდერის თანდასწრებით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თურქული მხარის მონაწილეობას უკრაინის ინფრასტრუქტურის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ერდოღანთან მოლაპარაკებებს ძალიან არსებითი უწოდა.
"მადლიერი ვარ მისი [ერდოღანის] ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის. ვისაუბრეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, ისევე როგორც ეკონომიკურ და ენერგეტუკულზე. მადლობას ვუხდი თურქეთს ხარკოვისა და ხარკოვის ოლქის აღდგენაზე პატრონაჟის აღებაზე მზადყოფნის გამოხატვისთვის. ეს არის ჭეშმარიტად ძლიერი ქვეყნის მისია. დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა ინფრასტრუქტურის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით", - დასძინა მან.
ხარკოვის რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის დროს დამპყრობლებმა მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგურეს 7 ათასზე მეტი ობიექტი - 2.8 ათასი მაღალსართულიანი შენობა, დაახლოებით 1.8 ათასი საცხოვრებელი კორპუსი, 500-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება და 150 საავადმყოფო. ამის შესახებ 7 აგვისტოს ხარკოვის პროკურატურამ განაცხადა.