ზელენსკი: უკრაინას მინიმუმ 7 Patriot-ის სისტემა სჭირდება, დრო არ უნდა დავკარგოთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას მინიმუმ 7 Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება და პარტნიორებს მოუწოდა არ დაკარგონ დრო, რათა რუსეთს "გადამწყვეტი სიგნალი" გაუგზავნონ.
"რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც უკვე დაგვეხმარა საჰაერო თავდაცვაში: ახლა ცის დაცვის ყველა სისტემა, ყოველი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა ფაქტიურად იცავს სიცოცხლეს. და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალი შეთანხმება პარტნიორებთან, რომლებიც უკვე არსებობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. მნიშვნელოვანია უკრაინის მეგობრების ყოველი ინიციატივა, კერძოდ, Patriot-ების ძიება და გადმოცემა. უკრაინას სჭირდება შვიდი სისტემა - და ეს არის მინიმალური. ჩვენს პარტნიორებს აქვთ ეს Patriot-ები.
რუსი ტერორისტები ხედავენ, რომ პარტნიორებს, სამწუხაროდ, ახლა არ აქვთ ევროპის მიმართ ტერორისგან დაცვის ასეთი გადამწყვეტი მიდგომა, რაც მათ ახლო აღმოსავლეთში აჩვენეს. მაგრამ მაინც შესაძლებელია საჰაერო თავდაცვის სისტემების საჭირო რაოდენობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო - ჩვენ უნდა გავგზავნოთ საჭირო სიგნალი." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ შაბათს დილით რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს "რაკეტების ტრაექტორიები და თავდასხმის ბუნება ისე იყო გათვლილი, რომ მაქსიმალურად გართულებულიყო საჰაერო თავდაცვის მუშაობა."
რუსების 34 რაკეტის მთავარი სამიზნე იყო სხვადასხვა ენერგეტიკული ობიექტები: ელექტროენერგიის და გაზის სატრანზიტო ობიექტები.
"სწორედ ის გაზის ობიექტებია, რომლებზეც, კერძოდ, დამოკიდებულია ევროკავშირის მომარაგების უსაფრთხოება," - განაცხადა პრეზიდენტმა.