ზელენსკი: უკრაინაში ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია 934 დასახლება
ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მძიმე რჩება, ოკუპანტები არ წყვეტენ მცდელობებს "ერთგვარი გამარჯვების მოპოვებისთვის", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 აპრილს გამოქვეყნებულ მიმართვაში.
"უკრაინის გათავისუფლებული ქალაქებისა და თემების ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება გრძელდება, უკვე გათავისუფლებულია 934 დასახლება. პოლიციამ მუშაობა 435 დასახლებაში განაახლა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ 431 თემში დაიწყო მუშაობა. ჰუმანიტარული შტაბების მუშაობა 361 დასახლებაში დაიწყო. ჩვენ თანდათან ვუბრუნებთ ადამიანებს წვდომას სამედიცინო და საგანმანათლებლო სერვისებზე, სოციალური დაცვის სერვისებზე. აღვადგენთ საგზაო კომუნიკაციას, ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყველაზე დიდ საფრთხეებს შორისაა ოკუპანტების მიერ დაყენებული ნაღმები და აუფეთქებელი ჭურვები. მათ გასანეიტრალებლად მაშველებს დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდებათ.
მან დასძინა, რომ ტრადიციულად, მიმართვის ჩაწერამდე ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის დამცველების დაჯილდოების შესახებ. სახელმწიფო ჯილდოები უკრაინის შეიარაღებული ძალების 203 სამხედროს გადაეცა, მათგან 49-ს სიკვდილის შემდეგ. უკრაინის გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ ხუთ ჯარისკაცს მიენიჭა.