ზელენსკი: უნდა ვიფიქროთ, როგორ ჩავატაროთ არჩევნები, მაგრამ ახლა კანონი გვიკრძალავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა უნდა "დაფიქრდეს" როგორ ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ კანონი ამას საომარი მდგომარეობის დროს კრძალავს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანულ ტელეარხ Channel 4 News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"მე არ გადამიდია (არჩევნები - რედ.), ეს ავტომატურია, უბრალოდ, ვერ ჩავატარებთ, რადგან, ჯერ ერთი, კანონი მიკრძალავს, ყველა ინსტიტუტს უკრძალავს ზოგადად ამის გაკეთებას.
უმაღლესმა რადამ უნდა მისცეს ხმა და მისცეს მანდატი არჩევნებს, უნდა დააყენონ ეს საკითხი და მისცენ ხმა. მათ არ შეუძლიათ (ეს - რედ.) კანონის აკრძალვის გამო, არ შეუძლიათ კანონის დარღვევა. სიტუაცია ისეთია, რომ ომის დროს ჩვენს ქვეყანაში არჩევნები აკრძალულია.
და ეს შესაძლებელი რომც იყოს, რა ვუყოთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს და როგორ ჩავატაროთ ლეგიტიმური არჩევნები, რომ მსოფლიომ აღიაროს, თუ საზღვარგარეთ 6 მილიონზე მეტი (მოქალაქე - რედ.) გვყავს და უნდა გვქონდეს ინფრასტრუქტურა და ონლაინ საარჩევნო ფორმატი. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ გვაქვს.
მე თუ მკითხავთ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ ეს. ხვალ რომ შემეძლოს ამის გაკეთება, გავაკეთებდი." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, "სხვანაირია თუ არა ახლა გარემოებები," ზელენსკიმ უპასუხა: "გარემოებები და კანონი. ჩვენ უნდა შევცვალოთ გარემოებები და შევცვალოთ კანონი."