ზელენსკი უნგრეთზე: როგორ შეიძლება ნატოს წევრი ქვეყანა რუსეთის მხარეს იყოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უნგრეთის ქცევა და რუსეთთან ურთიერთობა არ შეესაბამება ნატოს წევრის სტატუსს. ამის შესახებ მან ფინელ, შვედ, დანიელ და ნორვეგიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
"როგორ გადავწყვიტოთ დავა ბუდაპეშტთან? ერთადერთი გამოსავალი ბუდაპეშტის სურვილია. მეჩვენება, რომ უნგრეთის პოლიტიკური ელიტაში დაბნეულობაა. ძალიან უცნაური სიტუაციაა, შეიძლება ნატოს წევრი სახელმწიფო რუსეთის მხარეს და ნატოს წინააღმდეგ იყოს?" - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არ შეიძლება ნატოს წევრი იყოს ქვეყანა, რომელიც ალიანსს მტერს უწოდებს.
"მე მიმაჩნია, რომ ეს არაადეკვატური საქციელია. მე ჩემს სუბიექტურ აზრს ვამბობ. მოკავშირე არ უნდა იყო მხოლოდ სიტყვით, საჭიროა შინაარსი. ეს არის სახელმწიფოების ალიანსი, რომლებსაც აქვთ იგივე ხედვა უსაფრთხოებასა და ღირებულებებზე. მათ განსხვავებული პოზიცია აქვთ გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ არსებობს მოკავშირეების შეთანხმება, რომ იცავენ ერთმანეთს და საერთო ღირებულებებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"და თუ ყველა მოკავშირე თვლის, რომ რუსეთი ჩვენი მტერია და მის ადგილზე უნდა დავაყენოთ, მაშინ არ შეიძლება ერთმა სახელმწიფომ თქვას: "რუსეთი ჩვენი მოკავშირეა." შეუძლებელია. მაშინ შენ აღარ ხარ ალიანსის მოკავშირე. თუ დე იურე მოკავშირე ხარ და დე ფაქტო მის წინააღმდეგ მუშაობ, მაშინ არ უნდა ურჩიო უკრაინას უნდა შევიდეს თუ არა. და არ უნდა შექმნა ბარიერები", - აღნიშნა მან.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აღშფოთება გამოთქვა კიევში ვიზიტისას ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაზე, რომ უკრაინა მომავალში ალიანსის წევრი უნდა გახდეს.
მანამდე ორბანმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში უკრაინას "ფინანსურად არარსებული" ქვეყანა უწოდა. მისი თქმით, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე "ომი დაუყოვნებლივ დასრულდება."