ზელენსკიმ ბერლინალეს გახსნაზე ისაუბრა და თქვა, რომ "დათვიც კი შეიძლება იყოს მართალი"
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის - ბერლინალეს გახსნაზე ისაუბრა.
"შეიძლება თუ არა ხელოვნება იყოს პოლიტიკის მიღმა, შეიძლება კინო იყოს პოლიტიკის მიღმა, როცა მიმდინარეობს აგრესიული პოლიტიკა, როცა არის ტოტალური ომი? ასეთია დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა", - განაცხადა მან. "კულტურა ირჩევს მხარეს, როდესაც ის გადაწყვეტს დაუპირისპირდეს ბოროტებას, და მხარეს, როდესაც ის დუმს და რეალურად ეხმარება ბოროტებას."
უკრაინის ლიდერმა კინორეჟისორებს და ხელოვანებს მოუწოდა ცალსახად გამოუცხადონ მხარდაჭერა უკრაინას და ხაზი გაუსვა, რომ კინოს შეუძლია გადალახოს "რეალური და იდეოლოგიური" ბარიერები. თავის გამოსვლაში ზელენსკიმ გაიხსენა ვიმ ვენდერსის ფილმი ცა ბერლინის თავზე (Der Himmel über Berlin), რომელმაც იწინასწარმეტყველა გერმანიის დაყოფის დასასრული.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი "აშენებს კედელს უკრაინასა და ევროპას შორის, თავისუფლებასა და მონობას, ცივილიზაციასა და ტერორს შორის." ხელოვნება არ შეიძლება იყოს გულგრილი, რადგან სიჩუმეში "ბოროტების ხმა მხოლოდ უფრო ხმამაღალი და დამაჯერებელი ხდება."
პრეზიდენტის თქმით, წელს ბერლინალე "სრულ სოლიდარობაშია უკრაინასთან და ჩვენს ბრძოლასთან თავისუფლებისთვის."
"ბერლინალეს სიმბოლოს, ცნობილი დათვის ლურჯი და ყვითელი ფერები წელს ნამდვილად ემოციური და ძლიერია. ჩვენ ერთად ვამტკიცებთ, რომ დათვიც კი შეიძლება იყოს მართალი. მადლობას ვუხდი ყველა კინოხელოვანს, ვინც გულგრილი არ დარჩა და გვერდში გვიდგას თავისი შემოქმედებითა და გავლენით. მადლობას ვუხდი ფესტივალის ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს. მადლობას ვუხდი ფესტივალის ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს. და, რა თქმა უნდა, შონ პენს, რომელიც უკრაინაში იმყოფებოდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ დღეს და მას შემდეგ მხოლოდ უფრო მტკიცე გახდა უკრაინელების მხარდაჭერაში", - აღნიშნა მან.
მანამდე ბერლინალეს ხელმძღვანელებმა კარლო ჩატრიანომ და მარიეტ რისენბეკმა განმარტეს, რომ მათ ზელენსკი ფესტივალის გახსნაზე მიიწვიეს, რათა "სოლიდარობა გამოხატონ უკრაინელი ხალხს მიმართ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში" და "მტკიცედ დაგმონ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ."
"ჩვენი ფიქრები და თანაგრძნობა არის დაჭრილებთან, დაზარალებულ მოსახლეობასთან, მილიონობით ადამიანთან, ვინც დატოვა უკრაინა და ხელოვანებთან, რომლებიც დარჩნენ ქვეყნის დასაცავად და ომის გადაღებას განაგრძობენ", - ნათქვამია მათ განცხადებაში.