ზელენსკიმ შოლცს სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, G7-ის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, ზელენსკიმ და შოლცმა 13 მაისს უკრაინის პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის პირველი შედეგები განიხილეს.
"ვოლოდიმერ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა [შოლცს] ძლიერი თავდაცვითი დახმარებისთვის, რომელსაც უკრაინა გერმანიისგან იღებს. პრეზიდენტმა უკრაინის სამშვიდობო ფორმულის პუნქტების განხორციელების მნიშვნელობა აღნიშნა", - ნათქვამია განცხადებაში.
გერმანული სააგენტო DPA-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.
შოლცმა ზელენსკის უთხრა, რომ ახარებს მისი ნახვა და იხუმრა - "ჩვენ საკმაოდ ხშირად ვხვდებით."
"მიხარია თქვენი აქ ნახვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას - რამდენ ხანსაც საჭირო იქნება!" - დაწერა გერმანიის კანცლერმა Twitter-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ბერლინში ვიზიტის დროს გერმანიამ ყველაზე დიდი, 2.7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შაბათს დილით იაპონიაში ჩავიდა, სადაც G7-ის სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
ზელენსკი უკვე შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.