ზელენსკიმ სი ძინფინგი უკრაინაში მიიწვია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მზადყოფნა გამოთქვა უკრაინაში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს შეხვდეს. "ჩვენ მზად ვართ ის აქ ვიხილოთ. მსურს მასთან საუბარი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა Associated Press-თან ინტერვიუში, რომელიც 29 მარტს გამოქვეყნდა.
მან აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერთან კონტაქტი მას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონა. სააგენტოს ცნობით, უკრაინის ლიდერმა სი ძინფინგს მოწვევა უკვე გაუგზავნა.
25 მარტს ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ მიუღია ჩინეთის შეთავაზება შეხვედარაზე. უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ ის ადრე დიპლომატიური არხებით დაუკავშირდა ჩინეთის ლიდერს და საუბრის სურვილი გამოთქვა.
14 მარტს, The Wall Street Journal-მა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, სი ძინფინგი ონლაინ მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს ვლადიმერ ზელენსკისთან.
ჩინეთის ლიდერი რუსეთში 20-დან 22 მარტამდე იმყოფებოდა. სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ პეკინი მხარს უჭერს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებას.
"ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაეროს პრინციპებით... და ხელს ვუწყობთ უკრაინაში საომარი მოქმედებების მშვიდობიან მოგვარებას", თქვა მან და აღნიშნა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა ყოველთვის უჭერდა მხარს "მშვიდობასა და დიალოგს."