ზელენსკიმ სუნაკს Storm Shadow-ს რაკეტებისთვის მადლობა გადაუხადა

12 მაისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ Facebook-ზე განაცხადა.

"მადლობა გადავუხადე [სუნაკს - რედ.] ჩვენი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაძლიერებისთვის, შორი მანძილის Storm Shadow-ს რაკეტების და სხვა შეუცვლელი სამხედრო დახმარებისთვის. განვიხილეთ შემდგომი თავდაცვითი თანამშრომლობა." - დაწერა პრეზიდენტმა. "მომავალი საერთაშორისო ღონისძიებების წინ პოზიციების კოორდინაცია მოვახდინეთ. კერძოდ, ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალები ნატოში უკრაინის მომავლის შესახებ."

ზელენსკი ბოლოს ტელეფონით სუნაკს 14 აპრილს ესაუბრა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ 9 მაისს განაცხადა, რომ ზელენსკი 11-12 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. უკრაინა ელის, რომ ამ სამიტზე ალიანსის წევრობისთვის პოლიტიკურ მოწვევას მიიღებს.

კონტექსტი

11 მაისს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოელისმა დაადასტურა, რომ უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებს მიაწვდიან.

საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ ერთობლივად წარმოებული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები 250 კილომეტრის რადიუსზე მოქმედებს და როგორც წესი საჰაერო ბაზირებისაა. წყაროების ცნობით, რაკეტების გადაცემის წინაპირობა ის გახლდათ, რომ უკრაინა აღნიშნულ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის არ გამოიყენებდა.

მსგავსი სიახლეები