ზიუგანოვი: უკრაინაში სპეციალური ოპერაცია კი არა, ომია

რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა სამშაბათს, 13 სექტემბერს, სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრაზე გამოსვლისას, "უკრაინაში სპეციალურ ოპერაციას" ომი უწოდა და ხელისუფლებას რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებისკენ მოუწოდა.

"რით განსხვავდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია ომისგან? ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეაჩეროთ სამხედრო ოპერაცია. თქვენ არ შეგიძლიათ შეაჩეროთ ომი, ის მთავრდება ან გამარჯვებით ან დამარცხებით. მე მიგიყვანთ იმ აზრამდე, რომ ომი მიმდინარეობს. და ჩვენ არ გვაქვს ამ ომის წაგების უფლება. ახლა ნუ ჩავარდებით პანიკაში, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის სრული მობილიზაცია, ჩვენ გვჭირდება სრულიად განსხვავებული კანონები", - ციტირებს Sota ზიუგანოვის სიტყვებს.

ერთი დღით ადრე, რუსეთის კომუნისტური პარტიიდან სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა მიხაილ მატვეევმა  გუბერნატორებსა და დეპუტატებს ფრონტზე მოხალისეებად დარეგისტრირება შესთავაზა.

თავის მხრივ, ხაბაროვსკის გუბერნატორმა მიხაილ დეგტიარეევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინაში მოხალისედ წავიდოდა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან არ ჰქონდა უფლება დაეტოვებინა საპასუხისმგებლო თანამდებობა. ამის შემდეგ, რეგიონის მაცხოვრებლებმა შექმნეს პეტიცია წინადადებით "დახმარებოდნენ გუბერნატორს ოცნების ახდენაში, წასულიყო საბრძოლველად დონბასში", მას ხელი რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა მოაწერა.

ამავდროულად, რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები მასობრივად გრძელდება რუსული არმიის შესახებ "ყალბი ინფორმაციის გავრცელების" და "დისკრედიტაციის" მუხლით.

8 ივლისს მოსკოვის კრასნოსელსკის ოლქის მუნიციპალურ დეპუტატს ალექსეი გორინოვს, რუსეთის არმიის შესახებ "ყალბი ინფორმაციის გავრცელების" შესახებ მუხლის საფუძველზე, შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

გამომძიებლების თქმით, დეპუტატთა საბჭოს სხდომაზე პოლიტიკოსმა არაერთი განცხადება გააკეთა, რომელიც "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ ისეთ მონაცემებს შეიცავდა, რომლებიც არ შეესაბამება რეალობას". გორინოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია ომია" და უკრაინელი ბავშვების დაღუპვაზე ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები