იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
20 მარტს იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე ინტენსიური იერიში მიიტანეს.
ჰუსიტების დაჯგუფებამ უპილოტო საფრენი აპარატების და რაკეტების საშუალებით იერიში განახორციელა ქალაქ ჯედაში მდებარე ნავთობ-გადამამუშავებელ ტერმინალზე.
საუდის არაბეთის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ჰუსიტებმა მიზანში ამოიღეს თხევადი გაზის გადამამუშავებელი და ზღვის წყლის დესალინაციის სადგურები.
წყაროს თანახმად, სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შიიტური დაჯგუფება ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ესხმის თავს საუდის არაბეთის და საამიროების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
17 იანვარს აბუ დაბის აეროპორტზე უპილოტოებით განხორციელებულ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ვითარების ესკალაცია ომანში მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს მოჰყვა, რომელშიც საუდის არაბეთის და ჰუსიტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, ჰანს გრუნდბერგის განცხადებით, მხარეები რამადანის წმინდა თვეში (აპრილი) ცეცხლის შეწყვეტაზე შესაძლოა შეთანხმდნენ.
2015 წლიდან საუდის არაბეთის მიერ შექმნილი კოალიცია იემენში სამხედრო ოპერაციას აწარმოებს, რომლის მიზანი იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ხელისუფლებაში დაბრუნებაა.
ჰუსიტები, რომლებიც ირანის მხარდაჭერით სარგებლობენ, პერიოდულად კოალიციის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ.