ფერმერების პროტესტის მიუხედავად, EU-მ ბუნების აღდგენის კანონს მხარი დაუჭირა
ევროპის კონტინენტზე ფერმერების მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, ევროპის კავშირმა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლასთან და ბუნების აღდგენასთან დაკავშირებულ გეგმას, რომელიც მწვანე შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს, მხარი დაუჭირა.
”დღეს ევროპისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენ ბუნების დაცვიდან და კონსერვაციიდან, მის აღდგენაზე გადავდივართ“, - სეზარ ლუენა, ევროპარლამენტარი.
კანონპროექტი 329 ხმით 275-ის წინააღმდეგ მიიღეს. ბუნების აღდგენის კანონი ძალაში შესვლამდე ევროპის კავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
„ევროპის სახალხო პარტიამ - EPP“ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, რადგან მისი აზრით, ახალი კანონი ევროპელ ფერმერებს მძიმე ტვირთად დააწვებათ.
ევროპის კავშირის მწვანე შეთანხმების მიხედვით, 2050 წლისთვის აღარ იქნება სათბურის აირების გაფრქვევა; ეკონომიკური ზრდა აღარ იქნება დამოკიდებული რესურსების გამოყენებაზე; არცერთი ადამიანი და არცერთი ადგილი არ დარჩება მწვანე შეთანხმების მიღმა. შეთანხმება ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებში ინვესტირებას, ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაციას, შენობების მეტი ენერგოეფექტურიბით უზრუნველყოფას, გლობალური გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას და ა.შ. ითვალისწინებს.
„ეს კანონი არ ეხება ბუნების აღდგენას მხოლოდ ბუნების გულისთვის. ახალი კანონი შექმნის სასიცოცხლო გარემოს, რომელშიც ამჟამინდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი“, - ვირჯინიუს სინკევიჩიუსი, ევროკომისარი გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში.
კონტექსტი
2023 წლის დეკემბრიდან ევროპის კონტინენტი ფერმერების მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ქვეყნების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების პრობლემები და მათ მიმართ ხელისუფლების მიდგომა ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, მათ შორის ევროპის მწვანე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ევროპული გაერთიანების საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა (CAP), რაც ევროპელ ფერმერთა საერთო წუხილის მიზეზს წარმოადგენს.
მაგალითისთვის, ლიეტუველი, პოლონელი, იტალიელი, ფრანგი, ბელგიელი, ბულგარელი და რუმინელი ფერმერების უკმაყოფილებას ევროპის კავშირის რეგულაციები და იაფი იმპორტი იწვევს, საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის - გაზრდილი წარმოების ხარჯები და ევროპული გაერთიანების საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკით გათვალისწინებული გადასახადები.
ევროპელი ფერმერები აცხადებენ, რომ ისინი პროდუქციას ევროპის კავშირის მკაცრი რეგულაციები პირობებში აწარმოებენ, რაც მათ წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის და საკვების დაბალ ფასად გაყიდვის შესაძლებლობას გამორიცხავს. მაღალი ფასის გამო ევროპელ ფერმერთა პროდუქცია იმპორტირებულ იაფ საკვებს კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც ფერმერი შემოსავალს კარგავს.