17 სატვირთო - ღაზის სექტორში მეორედ შევიდა ჰუმანიტარული ტვირთი
რამდენიმე საათის წინ რაფას გადასასვლელი პუნქტი ეგვიპტიდან მეორე ჰუმანიტარულმა კოლონამ გადაკვეთა. საუბარია საკვებითა და მედიკამენტებით დატვრითულ 17 სატვირთო ავტომობილზე.
7 ოქტომბრის შემდეგ ეს ღაზაში შესული მეორე ჰუმანიტარული ტვირთია - სრული ბლოკადა 21 ოქტომბერს დაირღვა - გუშინ ღაზაში 20 სატვრითო ავტომობილი შევიდა.
გაეროს ცნობით, ღაზის 2 მილიონზე მეტ მაცხოვრებლის უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად 100 სატვირთო ავტომობილი ჰუმანიტარული ტვირთია საჭირო.
კონტექსტი
ამასის თავდასხმის შემდეგ, რასაც ისრაელში 1400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხერპლა, ნეთანიაჰუს მთავრობამ ღაზას სრული ბლოკადა დაუწესა - შეწყდა წყლის, ელექტროენერგიისა და საკვების მიწოდება, ისრაელი ბლოკავდა ჰუმანიტარულ ტვირთებს ეგვიპტიდანაც, ხოლო რაფას გადასასვლელი რამდენიმეჯერ დაიბომბა.
ამ დროისთვის ღაზა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა გადატვირთულია საავადმყოფოები, საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი მილიონზე მეტი ადამიანი.
ჰამასის მიერ გავრცელებული მონაცემებით 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 4 300 აღემატება, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 13 000.
ეგვიპტის მხრიდან ჰუმანიტარული ტვირთის გატარებას ისრაელის პრემიერმინისტრი ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ დათანხმდა.
ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, მათ სთხოვეს ისრაელს გატარებული სატვირთოების რაოდენობა დღეში 50 ავტომობილამდე გაეზარდათ, თუმცა თხოვნაზე უარი მიიღეს.