18 სექტემბერს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული 10 გემი გავა

18 სექტემბერს უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან მარცვლეულით დატვირთულi 10 გემი გავა. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.

"მარცვლეულის ინიციატივა": 18 სექტემბერს ოდესის, ჩორნომორსკის და პივდენის პორტებიდან 169.3 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული 10 გემის გასვლაა დაგეგმილი, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ 10:00 საათისთვის უკვე რვა გემი გავიდა, ყველა ოდესიდან. კიდევ ორი ​​გემი ელოდება "თავის რიგს და ხელსაყრელ პირობებს".

"უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთული პირველი გემის გასვლის დღიდან ექსპორტირებულია 3.7 მილიონი ტონა პროდუქცია. მთლიანობაში, უკრაინის პორტები დატოვა მარცვლეულით დატვირთულმა 165-მა გემმა, რომლებიც გაიგზავნა აზიის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

კონტექსტი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო პორტებიდან ექსპორტი დაბლოკა. მაისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პორტებში 22 მილიონი ტონა მარცვლეული იყო დაბლოკილი, რომელიც ექსპორტზე უნდა გასულიყო.

22 ივლისს თურქეთში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის შესახებ. უკრაინამ დოკუმენტს ხელი თურქეთთან და გაეროსთან მოაწერა, იგივე გააკეთა რუსეთმაც.

ექსპორტის განბლოკვის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1 აგვისტოს დილით დატოვა.

მსგავსი სიახლეები