20 წლის განმავლობაში პირველად, სინგაპურში ნარკოვაჭრობისთვის ქალს სიკვდილით დასჯიან
სინგაპური თითქმის 20 წლის განმავლობაში პირველად ქალის სიკვდილით დასჯას გეგმავს. მას ბრალად ედება 30 გრამი ჰეროინით ვაჭრობა. ამის შესახებ 23 ივლისს Transformative Justice Collective-მა განაცხადა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ კვირაში (26 და 28 ივლისს) სინგაპურში ორი სიკვდილით დასჯაა დაგეგმილი. ორივე პატიმარი ჯერ კიდევ 2018 წელს გაასამართლეს ნარკოდანაშაულისთვის.
26 ივლისს 56 წლის მალაიური წარმოშობის სინგაპურელს დასჯიან სიკვდილით, რომელიც დამნაშავედ ცნეს დაახლოებით 50 გრამი ჰეროინით ვაჭრობაში. ის ამტკიცებს, რომ მისი ჩვენების უმეტესი ნაწილი შეთითხნილია, რადგან გამომძიებელმა მას აღიარებითი ჩვენების დაწერა აიძულა და აღუთქვა, რომ ამისთვის ბრალს შეუმსუბუქებდა. გამომძიებელმა უარყო ეს ბრალდებები. მოსამართლემ აღიარა, რომ ყველა მტკიცებულება ნებაყოფლობითია.
28 ივლისს კი, დაახლოებით 30 გრამი ჰეროინით ვაჭრობისთვის სიკვდილით დასჯიან 45 წლის სინგაპურელს სარიდევი ჯამანის. სასამართლო პროცესზე სარიდევი ამტკიცებდა, რომ პოლიციას ზუსტი ჩვენება არ მისცა, რადგან იმ მომენტში მას ნარკოტიკების მოთხოვნილება ჰქონდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ სარიდევი "ჩვენების მიცემის პერიოდში განიცდიდა მეტამფეტამინის ყველაზე მსუბუქ ან ზომიერ მოთხოვნილებას," მაგრამ სიმპტომები იყო "მინიმალური და შეუმჩნეველი."
Transformative Justice Collective-ის ცნობით, ბოლოს სინგაპურში ქალი სიკვდილით 2004 წელს დასაჯეს.
25 ივლისს, უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა სინგაპურს სიკვდილით დასჯის გაუქმებისკენ მოუწოდა.