სინგაპური აუცრელ პაციენტებს უფასოდ აღარ უმკურნალებს
სინგაპურის მთავრობამ ორშაბათს განაცხადა, რომ დეკემბრიდან ისინი კორონავირუსით ინფიცირებული აუცრელი პაციენტების მკურნალობას არ დააფინანსებენ.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცვლილება სინგაპურის მოქალაქეებს, პერმანენტულ რეზიდენტებს და ქვეყნის ვიზის მქონე ადამიანებს შეეხებათ.
სამინისტროს განცხადებით, აუცრელები უარყოფით გავლენას ახდენენ ვირუსის კონტროლის ღონისძიებებზე.
"ამჟამად აუცრელი ადამიანები არიან რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფთა აბსოლუტური უმრავლესობა და მათ მკურნალობაზე არაპროპორციულად დიდი რესურსები იხარჯება," - ნათქვამია განცხადებაში.
ახალი პოლიტიკა 8 დეკემბრიდან შევა ძალაში. გამონაკლისი 12 წლამდე ბავშვები და განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებების ადამიანები იქნებიან, რომელთა აცრაც დასაშვები არ არის.
სინგაპურის მოსახლეობის 85% სრულად არის აცრილი, 18% კი ვაქცინის მესამე (ბუსტერ) დოზითაც აიცრა.