2007 წლის შემდეგ პირველად - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ეწვია

ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ეწვია. მევლუტ ჩავუშოღლუ იერუსალიმში იაირ ლაპიდს შეხვდა. 

ჩავუშოღლუს ვიზიტი ქვეყნებს შორის მიმდინარე ურთიერთობების ნორმალიზების ნელი პროცესის ნაწილია, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო. 

შეხვედრის შედეგად საგარეო საქმეთა მინისტრები საერთო ეკონომიკური კომიტეტის მუშაობის განახლებაზე შეთანხმდნენ. ჩავუშოღლუსა და ლაპიდს არ გამოუცხადებიათ ელჩების დანიშვნის შესახებ, რისი სურვილიც თურქეთს ჰქონდა. 

ბოლოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს 2007 წელს ეწვია. მაშინ ამ თანამდებობას ალი ბაბაჯანი იკავებდა. თურქეთმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილზე ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ მიანიშნებს, თუმცა პირველი ნიშნები ისრაელში ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ გაჩნდა. 

ლაპიდთან შეხვედრამდე მევლუტ ჩავუშოღლუ დასავლეთ სანაპიტოზე იმყოფებოდა, სადაც პალესტინური ადმინისტრაციის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდა. ჩავუშოღლუს თქმით, ურთიერთობების ნორმალიზაცია ვერ შეცვლის თურქეთის პოზიციას პალესტინის საკითხზე. 

ჩავუშოღლუ და ლაპიდი ერთმანეთს იერუსალიმში ჯერ კერძო ხოლო მოგვიანებით გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ შეხვედრია პრემიერ, ნაფტალი ბენეტს. 

ჩავუშოღლუ ეწვია ალ-აქსას მეჩეთს და ასევე შეხვდა ისრაელში მცხოვრებ თურქულ თემს. 

"ჩვენ ვერ მოვიკატუნებთ თავს, რომ ჩვენ ურთიერთობებში არ ყოფილა პიკები და ჩავარდნები. მაგრამ, ჩვენ უნფა შევძლოთ დავხუროთ ეს თავი და დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების ახალი თავი",- განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

"ჩვენ გვაქვს გარკვეული მგრძნობელობა და წუხილები ჰარამ ალ-შარიფთან [ალ-აქსას მეჩეთი] დაკავშირებით. ურთიერთობების ნორმალიზაცია ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესზე დადებითი ეფექტი ექნება",- განაცხადა მევლუტ ჩავუშოღლუმ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

სხვადასხვა ცნობებით, ისრაელი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის დაჩქარებას არ ცდილობს. მოსალოდნელია, რომ ელჩების დანიშვნის შესახებ მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში გაგრძელდა. 

ბოლო 1 წლის განმავლობაში დაწყებული ნორმალიზაციის პროცესის ყველაზე მსხვილი შედეგი ცოტა ხნის წინ ანკარაში ჩატარებული სამიტი იყო, რომელზეც ერთმანეთს ისრაელის და თურქეთის პრეზიდენტები შეხვდნენ. 

მსგავსი სიახლეები