2022 წლის ივლისის შემდეგ რუსეთმა პირველად დაბომა კუნძული ზმეინი

პირველად გასული წლის ივლისის შემდეგ, რუსეთის ჯარებმა შავ ზღვაში ზმეინის კუნძული დაბომბეს. ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ორმა რუსულმა Su-24M-მა კუნძულზე ოთხი ბომბი ჩამოაგდო. ამავდროულად, რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესის რეგიონის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ხოლო რეგიონის სანაპიროს სამი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა "ონიქსი" ესროლა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ამ თავდასხმით რუსებს სურდათ "პანიკა შეექმნათ მოლდოვასა და არაღიარებული დნესტრისპირეთის მოსაზღვრე რეგიონების მოსახლეობაში".

დაბომბვის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კონტექსტი

კუნძული ზმეინის რუსეთმა ომის პირველ დღეს აიღო. კრეისერ "მოსკვას" ეკიპაჟის მოთხოვნაზე უკრაინელი მესაზღვრეებისადმი დანებების შესახებ, უკრაინელმა სამხედროებმა უპასუხეს:"Русский военный корабль, иди на ***". ეს ფრაზა უკრაინის წინააღმდეგობის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. 

გასული წლის ივნისის ბოლოს რუსმა სამხედროებმა ზმეინი დატოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "კუნძულზე დაასრულა დაკისრებული ამოცანების შესრულება" და ჯარების გაყვანას "კეთილი ნების ჟესტი" უწოდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ უკრაინული ძალების წარმატებული დაბომბვების შემდეგ, რუსებმა "სასწრაფოდ მოახდინეს გარნიზონის ევაკუაცია."

მსგავსი სიახლეები