2023 წლის პირველ კვარტალში ჩეხეთს რუსეთიდან გაზი არ შეუსყიდია
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩეხეთს რუსეთიდან გაზი არ შეუსყიდია და ის ნორვეგიული გაზით და ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან თხევადი ბუნებრივი აირით ჩაანაცვლა. ამის შესახებ ČTK წერს.
წინა წლებში რუსული გაზის წილი შიდა მოხმარებაში დაახლოებით 97% იყო.
"ჩეხეთის რესპუბლიკის უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან გაზის იმპორტი მთლიანად შევწყვიტეთ. ეს არის დიდი წარმატება. მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელმაც მოახერხა რუსეთიდან გაზის იმპორტზე თითქმის 100%-იანი დამოკიდებულებისგან გათავისუფლება", - განაცხადა ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა იოზეფ სიკელმა.
ამასთანავე, ჩეხეთის გაზსაცავებში 1.66 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ინახება. ეს ქვეყნის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 48%-ია. მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მინიმუმ რვა წლის განმავლობაში.