22 მარტს უკრაინელებმა 17 რუსული საჰაერო სამიზნე გაანადგურეს
22 მარტს უკრაინელმა სამხედროებმა რუსული საოკუპაციო ძალების 17 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: ექვსი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი, ხუთი დრონი და ხუთი ბალისტიკური რაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ალყაში მოქცეულ მარიუპოლთან მე-100 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.
ასევე, სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო დრონი და ბალისტიკური რაკეტა. კიდევ ერთი რაკეტა სადესანტო ძალების ჯარისკაცმა პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემის გამოყენებით გაანადგურა.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა შეუტიეს სახმელეთო სამიზნეებს: ადგილებს, სადაც მტრის აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა იყო კონცენტრირებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა ცა მტრისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად აქციეს. მათ ანგარიშზე 17 საჰაერო სამიზნეა: ექვსი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი, ხუთი ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი და ხუთი ბალისტიკური რაკეტა", - აცხადებს სარდლობა.