24 თებერვლიდან უკრაინაში 620 000 ადამიანი დაბრუნდა
24 თებერვლიდან უკრაინაში 600 000-ზე მეტი მოქალაქე შევიდა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ 2 აპრილს განაცხადა.
"24 თებერვლიდან უკრაინის 620 000 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. ბოლო პერიოდში შეინიშნება სამშობლოში დაბრუნებული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. თუ პირველ კვირებში შემოსული უკრაინელების უმრავლესობა მამაკაცი იყო, ახლა ვხედავთ, რომ ქალები და ბავშვებიც ბრუნდებიან", - თქვა დემჩენკომ.
მან აღნიშნა, რომ დღე-ღამეში საზღვარს ორივე მიმართულებით საშუალოდ 50-60 ათასი მოქალაქე კვეთს, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მასშტაბური ომის პირველ კვირებში ეს მაჩვენებელი 120-130 ათასი იყო.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, 2 აპრილის მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის გამო უკრაინა 4.1 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.