უკრაინაში სულ მცირე 10 რუსი გენერალი დაიღუპა - ბრიტანული დაზვერვა
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის დროს, სულ მცირე, 10 რუსი გენერალი დაიღუპა. ამის შესახებ 7 აგვისტოს Twitter-ზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.
"უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსი სამხედროების ცუდი მუშაობა ძვირად დაუჯდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, რამაც 2022 წლის თებერვალში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დიდი ალბათობით მინიმუმ ექვსი რუსი მეთაურის თანამდებობიდან გადაყენება გამოიწვია." - წერს ბრიტანული დაზვერვა.
დაზვერვამ აღნიშნა, რომ რუსეთის აღმოსავლეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების მეთაურებმა, სავარაუდოდ, დაკარგეს თანამდებობა.
"გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩაიკო მაისში გაათავისუფლეს აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაურის პოსტიდან. გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ჟურავლოვი, დასავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური 2018 წლიდან, არ იმყოფებოდა რუსეთის საზღვაო ძალების დღის აღნიშვნის ცერემონიაზე სანქტ-პეტერბურგში, 31 ივლისს და სავარაუდოდ, იგი გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ კოჩეტკოვით შეცვალეს. გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი შემდგომში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მას უკრაინაში ოპერაციის საერთო მეთაურობა მიენიჭა, ხოლო გენერალი სერგეი სუროვიკინს რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფს ხელმძღვანელობა გენერალ გენადი ჟიდკოსგან გადაეცა. ვითარებას ისიც ამძაფრებს, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე სულ მცირე 10 რუსი გენერალი დაიღუპა. სარდლობის თანმიმდევრულობის ნაკლებობის კუმულაციური ეფექტი, სავარაუდოდ, გაამწვავებს რუსეთის ტაქტიკურ და ოპერატიულ სირთულეებს." - აცხადებს ბრიტანული მხარე.