4 თვეში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი სამჯერ გაიზარდა

2022 წლის აპრილში უკრაინამ 1.3 მილიონი ტონა მარცვლეული და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე, აგვისტოში კი ამ მაჩვენებელმა 4.2 მილიონ ტონას გადააჭარბა. ინფორმაციას ევროკომისია სამშაბათს, 20 სექტემბერს ავრცელებს.

ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებამ კიევთან ერთად მოახერხა უკრაინიდან საქონლის ექსპორტის ორი ალტერნატიული გზის ორგანიზება - ევროკავშირის "სოლიდარობის ხაზი" უკრაინასთან და შავი ზღვის დერეფანი.

მთლიანობაში, ამ მარშრუტებით უკრაინიდან 14 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გავიდა. პარალელურად, მაისში გაიხსნა "სოლიდარობის ხაზები" უკრაინასა და ევროკავშირს შორის და ივლისში დროებითი შეთანხმება შედგა უკრაინის პორტების სატვირთო გემებისთვის განბლოკვის შესახებ.

ევროკომისიის ბოლო მონაცემებით, აგვისტოში "სოლიდარობის ხაზს" უკრაინიდან სოფლის მეურნეობის ექსპორტის 61% უჭირავს (2.6 მლნ ტონა), ხოლო შავი ზღვის დერეფანი - 39% (1.6 მლნ ტონა).

"სოლიდარობის ხაზები" - უკრაინული პროდუქციის ტრანსპორტირების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა

მთლიანობაში შავი ზღვით ამ ხნის განმავლობაში 3 მილიონი ტონა პროდუქციის ექსპორტი მოხდა. თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმება ნოემბერში იწურება და "სოლიდარობის ხაზები" მუშაობას გააგრძელებს, აცხადებენ ევროკომისიის მაღალჩინოსნები ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე.

მათივე თქმით, ეს სატრანსპორტო რგოლი განკუთვნილია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე და მისი მუშაობა მუდმივად გაუმჯობესდება. "სოლიდარობის ხაზები უკრაინული სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირების უაღრესად მნიშვნელოვანი მიდგომაა, ამ აზრით ჩვენ გაერთიანებულნი ვართ G7-ის ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან", - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ივლისში საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ გაიარა ხუთი ძირითადი "სოლიდარობის ხაზი" ათეულობით საგუშაგოზე უკრაინის საზღვრებზე პოლონეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან და რუმინეთთან, ასევე მოლდოვა-რუმინეთის საზღვარზე.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ კიდევ 15 სატრანსპორტო მარშრუტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა, რომლის მეშვეობითაც უკრაინული მარცვლეული ევროპის მასშტაბით ბალტიის, ჩრდილოეთის, ხმელთაშუა ზღვის და ადრიატიკის ზღვების პორტებში გადაიგზავნება.

მსგავსი სიახლეები