ადამიანი, ვინც პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები გაავრცელა, სამხედრო ბაზაზე მუშაობს - WP
აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები, სავარაუდოდ გაავრცელა ახალგაზრდამ, რომელიც შეერთებულ შტატებში სამხედრო ბაზაზე მუშაობს. ამის შესახებ The Washington Post 12 აპრილს, ონლაინ პლატფორმა Discord-ის ჯგუფის ორ წევრზე დაყრდნობით წერს, სადაც ეს საიდუმლო მასალები იყო განთავსებული.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ახალგაზრდამ, მეტსახელად O.G. მათ უთხრა, რომ ეს საიდუმლო დოკუმენტები სამსახურიდან სახლში მიიტანა. მათ აღნიშნეს, რომ ის რეგულარულად აქვეყნებდა დოკუმენტებს პლატფორმაზე, რომელიც თავდაპირველად მიზნად ისახავდა კოროვირუსის პანდემიის ფონზე, იზოლაციის პირობებში, ვიდეო თამაშებზე შეხედულებების გაცვლას.
Washington Post-ის თანახმად, Discord-ის დახურული ჯგუფი დაახლოებით 24 ადამიანისგან შედგება, სადაც ადამიანებს "იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და ღმერთის სიყვარული" აერთიანებთ. როგორც O.G.-მ ჯგუფის წევრებს განუცხადა, სამუშაო დღის ნაწილს დახურულ დაწესებულებაში ატარებს, სადაც აკრძალულია მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკის გამოყენება.
ჯგუფის წევრების თქმით, რომლებთანაც The Washington Post-მა კომუნიკაცია შეძლო, მათ იციან O.G.-ის ნამდვილი სახელი და ის შტატი, სადაც ის ცხოვრობს და მუშაობს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს ამ ინფორმაციის გაზიარებაზე.
მათი აზრით, ამ ადამიანმა იცოდა, რას აკეთებდა: "იგი ჭკვიანია, იცოდა რას აკეთებდა, როცა ეს დოკუმენტები გამოაქვეყნა. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის შემთხვევითი გაჟონვა."
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ გამოძიება გაჟონვის შესახებ გაგრძელდება მანამ, სანამ გაჟონვის წყარო არ დადგინდება.
Discord-ის პლატფორმის ხელმძღვანელობამ, თავის მხრივ, გაავრცელა განცხადება, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ.